არიან სამხედრო დამნაშავეები, მოვითხოვ დასჯას, ხელისუფლებიდან, გამოძიებიდან არავინ დამკავშირებია | გინტური ძმის მკვლელებზე

გამოქვეყნდა:

ოჯახმა გუშინ დაასახელა ცხინვალში დისლოცირებული რუსი ჯარისკაცების ვინაობა, რომლებმაც, სავარაუდოდ ეკლესიაში მისული თამაზ გინტური მოკლეს. ჯერ ისინი სამართალდამცავებს არ გამოუკითხავთ. პოლიცია არ დაინტერესებულა საიდან აქვს ოჯახს ინფორმაცია აღნიშნულ 2 ჯარისკაცზე. 

თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური ამბობს, რომ არ აქვს იმედი, რომ მკვლელების დასჯა მოხდება.

"არიან სამხედრო დამნაშავეები, მოვითხოვ დასჯას. როგორც საქართველოს მოქალაქეებს გადასცემენ გინდა რუსეთს, გინდა სხვა სახელმწიფოს, უნდა გადმოსცენ საქართველოს ეს ორი პიროვნება და გაასამართლონ. არავინ არც ხელისუფლებიდან დამკავშირებია, არავინ საგამოძიებოდან არ ყოფილა [მკვლელების დასჯის იმედი გაქვთ?] არ მაქვს, რამდენი, რამდენი გმირი მოკლეს, რამდენი გმირი დახვრიტეს, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გარეთ არიან მათი მკვლელები, იციან ვინც არიან, ახლაც ხომ იციან ვინ არიან ჩემი ძმის მკვლელები, არც მაგათ დასჯიან", - ამბობს ნიკოლოზ გინტური.

გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა, მან თამაზ გინტურს ომის დამნაშავე უწოდა, რადგან ის 2008 წლის სამხედრო მოქმედებების მონაწილე იყო:

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი