პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმზე ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე მიემგზავრება. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაბამისი ნებართვის ასაღებად პრემიერ ღარიბაშვილისთვის არც კი მიუმართავს.
იგივე ფორუმზე დასასწრებად პარიზში ღამით გაემგზავრა პრემიერმინისტრი. ხვალ ღარიბაშვილი დაახლოებით 6 საათზე პანელურ დისკუსიაში - "მშვიდობის შექმნა და უფრო უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის შემთხვევის გათვალისწინებით" მიიღებს მონაწილეობას სომხეთის პრემიერთან ერთად.
ზურაბიშვილი სხვა პანელზე, დაახლოებით 7-ის ნახევარზე ისაუბრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად. თემა "კრიზისები და კონფლიქტები" იქნება.
წარუმატებელი იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, ეს ზურაბიშვილის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
გუშინ ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" კითხვას, როგორ ფიქრობს, როგორ შეხვდება ღარიბაშვილი პარიზში უპასუხა: "ალბათ კარგად, იმედი მაქვს".