საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს მოლდოვისთვის და უკრაინისთვის ევროკომისიის გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიულოციათ.
მთავრობის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ამ ორი ქვეყნის ლიდერს ესაუბრა, სალომე ზურაბიშვილია. საუბრისას მოლდოვისა და უკრაინის ლიდერებმა საქართველოს რეკომენდაციის მიღება მიულოცეს, მოგვიანებით კი Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშებზე განცხადებებიც გაავრცელეს.
ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ პირველი განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, მას შემდეგ კი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოვიდა. ისინი ძირითად აქცენტს მმართველი გუნდის დამსახურებაზე აკეთებდნენ, ღარიბაშვილმა მადლობა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსაც გადაუხადა.
"ეს არ არის სტატუსის მინიჭება და არც წევრობის მინიჭება. მოლაპარაკებების დაწყება რამე უპირატესობას გმატებთ? რომელ ეტაპზე? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოლაპარაკებების ეტაპის დაწყება სტატუსის მინიჭებაა თუ წევრობა?", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათთვის გასაკვირი არ არის ის, რომ "ოცნების" ხელისუფლებას მეგობარი ქვეყნებისთვის მილოცვა არც კი გახსენებიათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება მოლდოვასა და უკრაინას, ევროკომისიის რეკომენდაციით, ამ ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ.