
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა რუსი ოკუპანტების მიერ კირბალში საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის, მკვლელობას გამოეხმაურა. ზახაროვა ამტკიცებს, რომ თითქოს "ევროკავშირი ცდილობს" ეს რუსეთს გადააბრალოს.
ზახაროვა ამბობს, რომ "რუსეთი ევროკავშირის ამგვარი პოზიციით გაკვირვებულია," რადგან ისინი "ოსური მხარის მიერ მოყვანილი ფაქტების" იგნორირებას ახდენენ.
"ჩვენ გაკვირვებულები ვართ ევროკავშირის პოზიციით; მათ იგნორირება გაუკეთეს ოსური მხარის მიერ მოყვანილ აშკარა ფაქტებს და დეტალურ განმარტებებს. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელი ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს. ეს არის პოლიტიზებული და ცალმხრივი, ყალბი შეფასებები," - ამბობს ზახაროვა.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.