"საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი" | შსს-მ რუსი აქტივისტის გაუჩინარებაზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

საქართველოში, სოფელ კირბალთან რუსი აქტივისტის გაუჩინარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების ცნობით, რაფაელ შეპელევის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყეს.

შსს ადასტურებს, რომ რუსი აქტივისტი ბოლოს სოფელ კირბალთან იყო შემჩნეული. მათივე მტკიცებით, შეპელევმა საოკუპაციო ხაზი საკუთარი ნებით გადაკვეთა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი  ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე,  მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით  გაემგზავრა.

გამოკითხული პირების,  მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ,  საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ", - წერს შსს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ შეპელევის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი