დმანისის ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმის ფაქტზე კობა მენაბდიშვილსა და ზურაბ ოკმელაშვილს ბრალი დაუსწრებლად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინათ. ახლა ორივე მათგანზე ძებნაა გამოცხადებული.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მანქანა საიდანაც გიორგი ტატუაშვილს ესროლეს კობა მენაბდიშვილს ეკუთვნის. მენაბდიშვილი საჭესთან იჯდა, მისი კუთვნილი იარაღიდან კი ოკმელაშვილი ტატუაშვილის განზრახ მკვლელობის მიზნით ისროდა.
თავად დაზარალებული ტატუაშვილი ამბობს, რომ გამოძიება ამ თავდასხმის პოლიტიკურ მოტივებს არ ითვალისწინებს და მას შეგნებულად არიდებს თავს. გამოძიება ცდილობს, რომ შემთხვევა პირად კონფლიქტს დააკავშიროს.
მისივე თქმით, მენაბდიშვილიც და ოკმელაშვილიც "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქმედებენ და წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ატერორებენ.
"2020 და 21 წლის თანმდევი პროცესები მიმდინარეობს, უბრალოდ 2020 - 2021 წლებში საარჩევნო პროცესი იყო და წინასაარჩევნო 2-თვიან პერიოდში განხორციელდა ეს თავდასხმები. ეტყობა სტრატეგია შეცვალა ოცნებამ და დაიწყო სხვა სტრატეგიით მუშაობა, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ, რადგან ამ საქმესა და ამათ საქმიანობას ყოველთვის ჰქონდა მფარველობა სუს-ისგან და "ქართული ოცნებისგან. მე ამაგს მუდმივად ვაცხადებდი და დიდი ეჭვები მქონდა. ეს ეჭვები უნდა გააქარწყლოს "ქართულმა ოცნებამ", რომ ესენი არ არიან მათი მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები, რადგან 4-5 ეპიზოდი არის, სადაც თქვენც გაქვთ რეპორტაჟი გაკეთებული, მათაც საქმეები აღძრული, მაგრამ პასუხისგებაში ვერც ერთხელ ვერ მიეცნენ, სადაც დეკლარირებულად, განცხადებულად, მტკიცებულებითაც ფიგურირებდნენ საარჩევნო თავდასხმებში ეს ადამიანები", - ამბობს ყოფილი მერი.
შეგახსენებთ, დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს 1-ელ ნოემბერს დაესხნენ. ავტომანქანით გადაადგილების დროს მას რამდენჯერმე ესროლეს. ტატუაშვილი ტყვიას შემთხვევით გადაურჩა. მან იმავე დღეს დაასახელა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი.
"მთავარმა არხმა" თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალაც გაასაჯაროვა.