
გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადების გამო საკრებულოს წევრები დღეს მისგან ბოდიშის მოხდას ელოდებოდნენ.
საუბარია განცხადებაზე, რომლითაც გორის საკრებულოს თავმჯდომარე კირბალში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა და თქვა: "რამდენი ვიღაცა დალევს, მერე იქით უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი."
თუმცა, ის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
"ჩვენ მოვითხოვეთ საჯაროდ ბოდიშის მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან, მაგრამ მან ისევ გაიმეორა თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებები. დაადანაშაულა როგორც თამაზ გინტური, ისე სხვა ადამიანები, ვინც ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ არიან ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები და ამიტომ, ჩვენ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომა",- ამბობს ანა ბალიაშვილი, გორის საკრებულოს წევრი ენმ-დან.
დავით რაზმაძემ კი "მთავარ არხთან" კომენტარი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:
"რატომ უნდა მოიხადოს დავით რაზმაძემ ბოდიში. ჯერ ერთი, მე გავაკეთე უკვე განცხადება. მე ხაზი გავუსვი, რომ ბატონ თამაზ გინტურზე მე არ ვაკეთებ შეფასებას, სამართალდამცავები მუშაობენ ამ თემაზე, რაც შეეხება, როცა ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, რომ იქ არის პრობლემები და ხალხი შეშინებულია, მესმის, ძალიან რთული სიტუაციაა, ძალიან ცუდია, რომ ოკუპანტმა ჩვენი ის მიწა, ყველა ის მიწა ჩვენია სადაც ოკუპანტი დათარეშობს, მაგრამ ოკუპანტის სახე არის მხეცი და მე არ მინდა რომ ისედაც მცირერიცხოვანი ერი, ამ მხეცს შეეწიროს", - ამბობს რაზმაძე.
ავტორი: საბა ბუაძე