4 დღიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი უმძიმესი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს. თამაზ გინტურის მკვლელობის თვითმხილველი და გამოძიების ოქროს მოწმე პირდაპირ ამბობს რომ ლომისას ტაძართან მომხდარი იყო ცივსისხლიანი შურისძიება აგვისტოს ომის მონაწილის წინააღმდეგ და რუსმა ოკუპანტებმა მკვლელობის ბრძანება ზემდგომებისგან მიიღეს.
ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა თავად დოთიაშვილიც. ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ის სასტიკად ნაცემი გადაიყვანეს. 4 დღის განმავლობაში კი გამუდმებით კითხავდნენ, სასურველი ჩვენების მისაღებად. ლევან დოთიაშვილმა ყველა დეტალის შესახებ ქართველ სამართალდამცველებს გამოკითხვისას უამბო. რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეებს, საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ტყვე, მათ ვინაობას ვერ აკონკრეტებს. გინტურების ოჯახში კი გლოვაა. რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ ომის ვეტერანს, ხვალ მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.