
ბრალდება ქუთაისის მერის მოადგილეს - მრავალდარგოვან კოლეჯ "მედიკ ფორტეს" დირექტორი, იზა დიაკვნიშვილი, იუზა უგულავას კორუფციულ საქმიანობასა და აუდიტის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს.
იზა დიაკვნიშვილი ამტკიცებს, რომ 12-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით აღებული ფართი მას გაყალბებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე ჩამოართვეს და დაბალ ფასად გაასხვისეს. იჯარით აღებული დროებითი ქონება კი ინვესტორმა შეიძინა.
დაზარალებული აცხადებს, რომ ქუთაისის მერის მოადგილე ქალაქში ბიზნესის ტერიტორიის მითვისებით არის დაკავებული და მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მფარველობენ.
"მერიამ, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, გამიუქმა ხელშეკრულება, დამინგრია შენობა და 5 წელია დავდევ პროკურატურას, მერიას, სასამართლოს, მაგრამ შედეგი არ არის. ახლა, ამ პერიოდისათვის, მერიაში, ძირითადად, უნდა ვისაუბრო იუზა უგულავაზე. იმიტომ, რომ იუზა უგულავას ხელმოწერილი დოკუმენტები არსებობს, რითაც იუზა უგულავამ გააყალბა ყველა დოკუმენტი და ყველა საკითხი," - ამბობს დიაკვნიშვილი.