ქეშალოში, 29 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა სოფელი დატოვა. როგორც მოკლული ჯავიდ მამედოვის მამა ამბობს, მკვლელობაში 6 პირი მონაწილეობდა, რომლებიც თანაბრად უნდა დაისაჯონ.
"პატარა ძმის ნაცვლად დიდი ძმა დააჭერინეს...[მკვლელის] ოჯახში, ყველა ვინც არის, პატიმრობა უნდა მიუსაჯონ... ექვსნი ყოფილან, სამი ქალი და სამი კაცი. სცემეს, შემდეგ პატარა ბიჭმა გულში დანა დაარტყა..მაგათ ქალაქში სახლი აქვთ, შიშის გამო აქედან წავიდნენ" - ამბობს მოკლულის მამა.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკება.
მოკლულის მამა ამბობს, რომ მის შვილს ბრალდებულის ვალი ჰქონდა, დაახლოებით 150 ათასი ლარი. ამის სანაცვლოდ ოჯახმა კაცს საკუთარი სასადილო გადაუფორმა და დარჩენილი იყო ვალის მცირე ნაწილი, რის გამოც, დაპირისპირება ქორწილში დაიწყო, შემდეგ კი მკვლელობით დასრულდა.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ია გულიაშვილი