ბოლო წლების განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობამ სისტემური სახე მიიღო. ყველაფერი ოთხოზორიას დახვრეტით დაიწყო. მაშინ ქართული ოცნების ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს იყო გამონაკლისი, ერთეული დანაშაული. მას შემდეგ იყო ტატუნაშვილი, ბესტაევი, ბაშარული, კვარაცხელია.
ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკის კვალდაკვალ, რუსი ოკუპანტების მადაც იზრდებოდა და სისასტიკეც. თამაზ გინტური საკუთარი წინაპრების სალოცავთან სიკვდილით დასაჯეს, ცოტა ხნით ადრე კი იქვე ეკლიანი მავთულხლართი გაავლეს, უფრო ადრე კირბალის მცხოვრებლებს ხუთჯვრიანი დროშის აღმართვა დაუშალეს ... მტერი არ გააღიზიანოთო.
ახლაც, ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან არ ისმის დაპირება იმის შესახებ, რომ მკვლელები აგებენ პასუხს. მხოლოდ იმას ამბობენ რომ თავს ზემოთ ძალა არ გვაქვს, აბა რა უნდა გვექნაო? სამი დღის განმავლობაში ქართველი პოლიციელები ვერც კი მიდიოდნენ იმ ავტომობილთან, რომელშიც გინტური ჩაცხრილეს და უსუსურად გაჰყურებდნენ მანქანას, სადაც მკვლელობის მტკიცებულებები იყო.