
ხმაური იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ თანამდებობა დატოვოს.
"სირცხვილია, გადადექი, ვის რა ჯანდაბად სჭირდება შენი თანამდებობა, სირცხვილია რასაც აკეთებ მაგას გეუბნები [...] თავლაფდასხმული კაცი ხარ. [...] სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ ჯანსაღი ვითარება დაბრუნდეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, ღირსება უნდა დაბრუნდეს!" - თქვა ელისაშვილმა.
ბერაიამ კომიტეტზე საპასუხოდ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გადადგომას არ აპირებს:
"ყველას ვეტყვი, ყველას გასაგონად, რომ გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ".
ელისაშვილმა მოგვიანებით მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, უნდა გამოირჩეოდეს ღირსებით.
"ძალიან მნიშვნელოვან სფეროზე ვმუშაობთ ამ კომიტეტში, ეს არის მართლა ღირსებაზე დაფუძნებული კომიტეტი, თავდაცვას და უსაფრთხოებას ეფუძნება. როდესაც ადამიანი, რომელიც გამოვიდა თავისი პირით ისეთი საზიზღრობები ილაპარაკა, დაწერილი ტექსტი მითუმეტეს, იმის მერე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს, თვითონ უნდა წავიდეთ თანამდებობიდან", - თქვა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, არანაირი ამბიცია ამ თანამდებობაზე დანიშვნის არ აქვს - "ისევ ქართული ოცნებიდან დანიშნონ, მაგრამ დანიშნონ სხვა, ვინც ისეთი თავმოჭრილი არ არის, ისეთი უღირსი არ არის, როგორიც ბატონი ბერაია".
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. მანამდე კი ალუდა ღუდუშაურმა შეურაცხყოფა მიაყენა ანა წითლიძეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მათთვის მიკროფონი არ გამოურთავს და არც სიტყვა შეუწყვეტინებია.
მოგვიანებით ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა ოპოზიცია ითხოვდა, რომ ბერაიას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაეტოვებინა. ის NATO-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეცაა.