კირბალის თემაზე პროვოკაციების შედეგია, რომ აგრესორებმა მოგვიკლეს ჩვენი ერთ-ერთი მოქალაქე | კობახიძის რუსული პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის არც ერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას და საგარეო პოლიტიკას, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ - აცხადებს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე შეკითხვაზე - დაუჭერენ თუ არა მხარს ახალ რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს. 

საუბარია თამაზ გინტურის მკვლელების დასჯასა და  ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში,  დამნაშავეების შეყვანაზე. კობახიძე გინტურის მკვლელობას ნაციონალური მოძრობის "პროვოკაციების"  შედეგს უწოდებს: 

"გვაცადონ იმ პოლიტიკის წარმოება, რომელსაც შედეგად აქვს ის, რომ რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, გვაცალონ ასეთი პოლიტიკის წარმოება. ეს არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა. რაც შეეხება პროვოკაციებს, ნაცმოძრაობას მოვუწოდებ ძალიან მკაცრად, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. გახსოვთ თქვენ პროვოკაციები, რომლებიც უკავშირდებოდა კირბალის თემას და ამ პროვოკაციების საბოლოო შედეგი არის ის, რომ აგრესორებმა მოგვიკლეს ჩვენი ერთ-ერთი მოქალაქე. თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან."  თქვა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.  ოკუპანტებმა ის 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. აგვისტოს ომის მონაწილე, მაიორი გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი