ამ წუთებში პარლამენტში ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების წევრებს ხვდებიან. მანამდე შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. დეპუტატების თქმით, დადგება საკითხი დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე და სხვა რეკომენდაციებზე, რომლებიც ევროკომისიამ გასცა.
"ფაქტია, რომ ოლიგარქს არ სურს ქვეყანაში მოხდეს დეოლიგარქიზაცია. შესაბამისად, ქართული ოცნება მაქსიმალურად ასაიდუმლოებს იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც მათ შეიმუშავეს. ფაქტია, რომ არც ჩვენ, არც ევროპელმა პარტნიორებმა საბოლოო სურათი არ იციან ამ მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგმება", - თქვა ენმ-ის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული 8 დათქმა, ძირითადად მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და დეოლიგარქიზაციის გეგმა.
"გეგმა, რომელზეც ხელისუფლება ამბობს, რომ გაუგზავნა ვენეციის კომისიას, საზოგადოებამ არ იცის რას მოიცავს ეს გეგმა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსაზრების მოსმენა", - ამბობს დეპუტატი.
ევენციის კომისიის დელეგაციის წევრებს ასევე აინტერესებთ როგორ იფუნქციონირებს ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც 12 რეკომენდაციის ფარგლებში შეიქმნა.