"ჩვენ ვიწყებთ მზადებას გადამწყვეტი ბრძოლისთვის" - ამის შესახებ პარტია "ლელოს" წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს თბილისის ორგანიზაციას დააფუძნებენ. ასევე, აირჩევენ მის თავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს.
მისი თქმით, პარტიას მმართველი საბჭოს წევრობის 20 კანდიდატი ჰყავს, თავმჯდომარეობის კანდიდატი კი თავადაა.
"ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს საქართველოში და, აი, ამ სიავის შედეგი ყველაზე მეტად საკუთარ თავზე სწორედ თბილისმა იწვნია. თბილისი, ფაქტიურად, თავდაყირა დადგა. რამდენიმე ათეული ათასი რუსის მუდმივად აქ ცხოვრებით და შემოსევით გაძვირდა ქირის ფასები, გაძვირდა პროდუქტებზე ფასები, მომსახურების ფასები...
ამ ყველაფრის საპასუხოდ ჩვენ ვიწყებთ მზადებას გადამწყვეტი ბრძოლისთვის. ვაფუძნებთ თბილისის ორგანიზაციას და თბილისის ორგანიზაციის დაფუძნებით, ვაპირებთ დავუპირისპირდეთ როგორც ამ პრობლემას, ასევე სხვა ყველა პრობლემას, რომელიც გამოწვეულია ხალხის სამსახურში არმყოფი ხელისუფლებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ ურბანულ გენოციდზე, რომელიც ისევ და ისევ რუსული ფულით კეთდება. ვაპირებთ, რომ დავუპირისპირდეთ მწვანე სივრცეების განადგურებას...ვაპირებთ ვიმუშაოთ სატრანსპორტო პრობლემებზე, შშმ პირების პრობლემებზე, ქალაქის ეკონომიკის გაძლიერებაზე და გაჯანსაღებაზე," - ამბობს ბუაძე.