ხელისუფლებაში დარჩენის სპეცოპერაცია - ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მთავრობის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად სატელიტებს ეძებს.
„მთავარი არხისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილმა უკვე დაავალა კარის ბიზნესმენებს გულუხვად დააფინანსონ ის წვრილი პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც პარლამენტში „ოცნებას“ მიემხრობიან.
იქნება თუ არა ანა დოლიძის პარტია „ოცნების“ გუნდის პოლიტიკური პარტნიორი, ეს ეჭვი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში დოლიძემ უარი თქვა, სიმბოლური ხელმოწერა დაეტოვებინა დაპირებაზე, რომ არასდროს დაეხმარება ბიძინა ივანიშვილს შეინარჩუნოს უმრავლესობა პარლამენტში და დააკომპლექტოს მთავრობა 2020-ის არჩევნების შემდეგ.
ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილის მაშველი რგოლი სატელიტი პარტიები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე გამოჩნდნენ ან ახლა გამოჩნდებიან. ფორმალურად ისინი პროდასავლური ოპოზიციური პარტიების როლს მოირგებენ და მთავრობასაც გააკრიტიკებენ, რეალურად კი ივანიშვილის თამაშს ითამაშებენ.
არ არის გამორიცხული „ქართულმა ოცნებამ“ სათადარიგო სამოქმედო გეგმაზე იფიქროს - ეს ვადამდელი არჩევნებია.
თუ კახა ოქრიაშვილის დაანონსებული სცენარი ამოქმედდება, მაშინ ვადამდელი არჩევნები არა უბარიერო, არამედ 5-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პატარა პარტიები საერთოდ ვეღარ მოხვდებიან.