ყველას გვესმის, რომ დამნაშავეების დასჯა ასეთი მარტივი არ იქნება | იოსელიანი გინტურის მკვლელებზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი კირბალში იმყოფებოდა, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს შეხვდა. ლევან იოსელიანი დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა დამნაშავეების დასჯას ეჭვქვეშ აყენებს:  

"დავინტერესდი უსაფრთხოებს გარემოთი ამ სოფელში. ვხედავთ, რომ პოლიცია პატრულირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ მოკლე დროში ეფექტურად ოჯახის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. დამნაშავეების დასჯაზე რა მოგახსენოთ, ყველას გვესმის, რომ ეს ასეთი მარტივი არ იქნება გამომდინარე გასული ამბებიდან რაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობებს უკავშირდება და არც ერთი მათგანი ჯერჯერობით არ არის სამწუხაროდ დასჯილი" ამბობს იოსელიანი.

ომბუდსმენი დღეს ლევან დოთიაშვილის ოჯახშიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გინტურის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 2008 წლის ომის მონაწილე, მაიორი გინტური ნიკოლაი იშჩენკომ მოკლა, რომელიც ცხინვალში დისლოცირებული რუსი სამხედროა. საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დუმს. 

კირბალში მოსახლეობა კვლავ დაუცველად გრძნობს თავს. 23 ნოემბერს, გიორგობის აღსანიშნავად კირბალის მაცხოვრებლები წმინდა გიორგის სალოცავში აპირებენ ასვლას, რომელიც ასევე ემიჯნება საოკუპაციო ზოლს. მოსახლეობა ამბობს, რომ რისკის მიუხედავად წინაპრების სალოცავზე უარს არ იტყვიან და ხელისუფლებისგან ითხოვენ გარანტიებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი