მე-19 პაციენტს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდა, ის ბინაზე მკურნალობდა - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 25 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ მე-19 პაციენტს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდა და მკურნალობას სახლის პირობებში გადიოდა.

ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულია ამ პაციენტის სამი ოჯახის წევრი, მათ შორის მისი და, რომელიც პაციენტს უვლიდა. ექიმის განცხადებით, პაციენტის კონტაქტები მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში აგრძელებენ.

ამ გარდაცვლილზე ასეთი ინფორმაციაა, რომ ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო ჰქონდა. პაციენტი მეთვალყურებოდა ბინაზე, მას უვლიდა მისი და ისიც ასევე კოვიდინფიცირებული, დაავადება ორივესთან მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკანშირდება, მას ვირუსი 19 აგვისტოს დაუდასტურდა.

დღეს, 25 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ამასთან, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-19 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 429
  • გამოჯანმრთელებულია - 1150
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 005
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებათა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი