პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ხევსურეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამივეს მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება.
სამივე პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებისა და მდგომარეობის მხრივ. სამივე მათგანთან, ჩვენ და მათ საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანასა და გუგის რეფლექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, ეს არის დადებითი დინამიკა. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, მაგრამ უარყოფითი დინამიკა, ბოლო რამდენიმე საათია, არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, რომ სამივე პაციენტი, ჩვენი და მათი ძალისხმევით, გადარჩება, - განმარტავს რატიანი.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სამივე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
შატილში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გამოაქვეყნა თავად ტურისტულმა კომპანიამაც. წერენ, რომ საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობენ და ტრაგედიის მიზეზის დასადგენად უწყებას ყველა დეტალს მიაწვდიან.