ამ ბავშვის ცოდვა ყველა იმ ადამიანის კისერზეა, რომელიც გაჩუმდა - კილაძე 11 წლის მოზარდზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძე ამბობს, რომ თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის გარდაცვალების "ცოდვა ყველა იმ ადამიანის კისერზეა, რომელიც გაჩუმდა, რომელიც არ დაეხმარა პატარას, შველას რომ ითხოვდა". ამ თემაზე სოფო კილაძემ სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მამის მხრიდან სისტემატიური ძალადობის გამო. ძალადობის შემთხვევების არნახული მასშტაბები ცალკე ძალიან დიდი თემაა და ამაზე სხვა დროს. მაგრამ, სად იყვნენ ოჯახის სხვა წევრები: დედა, და, დეიდა, მეზობლები, ახლობლები? რატომ არავის მოუვიდა აზრად ამ ბავშვის დაცვა, როცა ყველამ იცოდა რომ კლავდა შვილს ეს არაადამიანი ცემით? რატომ არ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას სუსტზე, როცა მას ჩაგრავენ? წარმოიდგინეთ, რა გადაიტანა პატარამ, რა ჯოჯოხეთი გამოიარა. ამაზე ფიქრიც კი მზარავს. მე მგონია, იმ საცოდავი ბავშვის ცოდვა ყველა იმ ადამიანის კისერზეა, რომელიც გაჩუმდა, რომელიც არ დაეხმარა პატარას, შველას რომ ითხოვდა, - წერს სოფო კილაძე.

თერჯოლაში ოჯახის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ მოზარდის მამა ბავშვზე და ოჯახის სხვა წევრებზე ხშირად ძალადობდა. ტრაგედიის დღესაც მათ ბავშვის ტირილის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც 112-ში დარეკეს, ადგილზე მისულ პოლიციას კი ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი