შემზარავი ისტორია, რომელსაც "მთავარ არხთან" 11 წლის არასრულწლოვნის ბებია ყვება. გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ ბავშვის მამა ოჯახის ყველა წევრს სცემდა და აწამებდა: "ქმარი ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა, ფულს თუ არ გამომიგზავნი, ვეღარც ამ შვილის ხმას გაიგებო".
მისივე თქმით, "ოჯახში რაც ხდებოდა, ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ.. ერთხელ მე ვუჩივლე, თოფით რომ კლავდა ცოლს".
ოჯახის ახლობლები ყვებიან იმასაც, რომ 49 წლის კაცი სამივე შვილს სცემდა, აწამებდა და სასტიკად ეპყრობოდა და თუ ამასთან დაკავშირებით მისი ცოლი ხმას ამოიღებდა, ქუჩაში გამოჰყავდა და სახალხოდ სცემდა.
ცნობისთვის, მამის მიერ 11 წლის შვილის თვითკვლელობამდე მიყვანის საქმე, შესაძლოა, განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.
ეჭვი, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა, გამოთქვეს ოჯახის ნათესავებმაც. 11 წლის მოზარდის პედაგოგები კი დაღუპულს დადებითად ახასიათებენ და ფიქრობენ, რომ ის თავს არ მოიკლავდა.
ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა დაღუპულის ოჯახის წევრები, რომლებიც მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, თერჯოლის რაიონულ განყოფლებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.