"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. გუშინ პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ფურცელზე ხელმოწერით დაამოწმა, რომ ნიკა მელია პარტიის რიგებში არ არის.
ნიკა მელიას ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია. დღეს "მთავარი არხის" ზარებს არ უპასუხა ენმ-ის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ეთერში თქვა, რომ არავინ არავის გარიცხვას არ აპირებდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა:
"კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ, ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიისა, მაგრამ მე ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ. ენმ წესდებით ენმ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა მე არ ვიზიარებ ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. [...] თუ ჩემი ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლობა, ჩემს ენმ პოლიტიკურ მდივნობასთან შეუთავსებლად ჩაითვლება მზად ვარ თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო, ცხადია ესეც წესდებით მათი უფლებამოსილებაა რომ გადაწყვიტონ.
ენმ-ის წევრი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილმა ერთობის მანიფესტს მოაწერა ხელი, თუმცა დღეს მისი ქმედებები რაში წერია, ვერ იგებს.
"ის მოლაპარაკებები, ერთობაზე, რომელსაც მე ამ პერიოდის განმავლობაში და დიდი ხნის განმავლობაში ვაწარმოებდი მხარეებთან, ჩაშალა ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტმა, კერძოდ დავინახეთ ის ადამიანიც, ვინც ეს ჩაშალა, ანუ პარტიის თავმჯდომარემ, შეუძლებელს ხდის მის პირობებში ეს ადამიანი საუბარს ზოგადად ერთობაზე", - ამბობს ნაყოფია.
ნიკა მელიას თანაგუნდელი, გიორგი პატარაია არ გამორიცხავს, რომ ენმ-დან ისიც გარიცხონ. მანიფესტს არ შეუერთდა არც აკო მინაშვილი. ის ამბობს, რომ "თუ ცვლილება არ მოხდება გადაწყვეტილებას ვიქნებით თუ არა ენმ-ში, მივიღებთ ისევ და ისევ ჩვენ და არა ლევან ხაბეიშვილი ან მენეჯმენტის წარმომადგენლები".