ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია აპროტესტებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ბიუჯეტი მოსახლეობის ნაცვლად, თანამდებობის პირებზეა მორგებული. ოპოზიციაში ამბობენ, რომ 100-მილიონიან ბიუჯეტში, 45 მილიონი ხელფასებზე იხარჯება, ასევე გაზრდილია სარესტორნო და ადმინისტრაციული ხარჯები.
სხდომაზე ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე მივიდნენ კერძო კაფე-ბარ "სავაენს" მეპატრონეები, რომლებიც ხელისუფლებას ბიზნესის ჩამორთმევაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ობიექტზე ქუთაისის სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო და თქვა, რომ შენობა უნდა დაინგრეს. მეპატრონეები აღნიშნულს აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილების უკან "ოცნების" მაღალჩინოსნები დგანან. დაპირისპირების შემდეგ დაცვის პოლიციამ კერძო მესაკუთრეები დარბაზიდან გაიყვანა.
"მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ 45 მილიონამდე, ლამის 4,5-5 მილიონით არის გაზრდილი ხელფასები ამ ადამიანების. მილიონ 200 ათასით მარტო ამ პატარა შენობაში მსხდომი ადამიანების შენახვა არის გაზრდილი და ლამის 10 მილიონს მიუახლოვდება. რესტორნების ხარჯები, ფასები გაზრდილა რესტორნებში და 200 000 ლარამდე გაზარდეს, ამის პარალელურად, უფასო კვებაში საქონელი და მომსახურება 40 000 ლარით არის შემცირებული", - ამბობს ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე.
სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.