სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები „მთავარმა არხმა“ მოიპოვა

გამოქვეყნდა:

სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები „მთავარმა არხმა“ მოიპოვა. „მთავარის“ ეთერში გასული ვიდეოკადრების შემდეგ, პროკურატურა ლევან ძნელაძის დაკითხვის აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

ფარული კამერის მასალაში გარკვევით ჩანს, რომ ლევან ძნელაძე გივი ცინცაძის მიმართულებით სამჯერ ისვრის და ის ფეხში იჭრება. რამდენიმე წამში შვილის დაცვას ლევან ძნელაძისგან ზაზა ცინცაძე და ოჯახის ნათესავი დავით ჯაში ცდილობენ. ასევე, სისხლიანი დაპირისპირების შეჩერებას  ყიფშიძის ქუჩაზე საპატრულო ეკიპაჟი ჰაერში გასროლით ცდილობს.

საქმის ახალი გარემოებების შესახებ დღეს „მთავარს“  ინფორმაცია დავით ჯაშის ადვოკატმაც დაუდასტურა. იოსებ ხარატიშვილის თქმით, ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც საქმის მასალებში დევს, რეალურ დამნაშავეს გამოავლენს და ლევან ძნელაძის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

სისხლიანი დაპირისპირება ყიფშიძის ქუჩაზე 3 სექტემბერს მოხდა. მძიმედ დაჭრილი ორი პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორივე დაჭრილის ოჯახი პირველივე წუთებიდან ამტკიცებდა, რომ ინციდენტი მეორე მხარემ დაიწყო. გარჩევა კი, სავარაუდოდ, ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდა.

საქალაქო სასამართლომ დღეს წინასწარ პატიმრობაში დატოვა ზაზა ცინცაძეც და დავით ჯაშიც. დაცვის შუამდგომლობა მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა არ გაითვალისწინა.

ლევან ძნელაძის ოჯახი მის გამოჯანმრთელებას ელოდება. მათ იმედი აქვთ, რომ საქმეზე ობიექტური განაჩენი, გამოძიებაში არსებული ყველა ვიდეო მტკიცებულების გაშიფვრის შემდეგ დადგება.

ლევან ძნელაძის შვილის, ინგა ძნელაძის მტკიცებით, ვიდეოზე, რომელიც დღეს გავრცელდა, ლევან ძნელაძე ცივი იარაღით მხარში დაჭრილი უკვე იყო.

როდის მოხდება გამოძიების მიერ ლევან ძნელაძის გამოკითხვა, ჯერ უცნობია. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი