ქარელის მერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შეურაცხყოფას განაგრძობს - მოსახლეობისთვის გინების შემდეგ, ზაზა გულიაშვილი ამჯერად ოპოზიციის წარმომადგენელს, ვასილ ბაქრაძეს, საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ბაქრაძეს მერთან კითხვები მუნიციპალიტეტის აიპებში საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით ჰქონდა. გულიაშვილი სწორედ ამ დროს გაღიზიანდა.
"...ერთ ადგილს დააყენებ ეხლა მართლა მანდ, წყნარად. და ის ერთ ადგილზე, რასაც შენ ლაპარაკობ...დააყენე ახლა ერთი ადგილი მართლა, რომელ ადგილზეცა ლაპარაკობ. თავიდან ბოლომდე ერთი ადგილი ხარ...დააყენე...დააყენე...არაფერი გაგიკეთებია მართლა ერთი ადგილის გარდა...," - თქვა ქარელის მერმა სხდომაზე.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქარელს არაკომპეტენტური და თავხედი მერი ჰყავს. ისინი
გულიაშვილის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამაზე ამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილიც.
"ქარელის მუნიციპალიტეტის მერი არის ხულიგანი. ის შეურაცხყოფას აყენებს ყველას და საზოგადოებრივ სივრცეებში, ზოგადად, უხამსი გამონათქვამებით მიმართავს ადამიანებს. იქიდან გამომდინარე, რომ არასოდეს დაკისრებია მას პასუხისმგებლობა, მოქალაქეებისათვის გინებაზე, შეურაცხმყოფელ მიმართვაზე, ის გათამამდა და ახლა უკვე საკრებულოს შენობაში ის მიმართავს საკრებულოს წევრებს, მოქალაქეების წარმომადგენლებს, ამ უხამსი გამონათქვამებით. როგორც მინიმუმ , დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა იდგეს საკითხი მისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით," - ამბობს მერებაშვილი.
ცნობისთვის, ზაზა გულიაშვილი თითქმის 10 წელია, რაც მუნიციპალიტეტს მართავს - ის ქარელის მერი უკვე მესამე ვადითაა.