"ლელო" პატივს სცემს ოპოზიციის კანდიდატს ვაკეში, ელენე ხოშტარიას - ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა მისმა პარტიამ ვაკეში საკუთარი მაჟორიტარული კანდიდატის წარდგენა: "კანდიდატების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაქსიმალურად დაკარგოს ხმები". 

როგორც ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, "ლელო" მაქსიმალურად შეეცდება, შეებრძოლოს "ქართული ოცნების" მცდელობას, გაიმარჯვოს ყველა ოლქში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ "ლელო" პატივს სცემს საერთო ოპოზიციურ შეთანხმებებას და, აგრეთვე, ოპოზიციის კანდიდატს ვაკის ოლქში - ელენე ხოშტარიას. 

ლელოს ყოველ მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი ჰყავს, რათა მაქსიმალურად შევამციროთ იმ ხმათა რაოდენობა, რომელსაც "ქართული ოცნება" მიიღებს. ეს არ აზიანებს ოპოზიციურ ინტერესებს, ეს ემსახურება "ოცნების" დამარცხების მიზნებს, - ამბობს ჯაფარიძე. 

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი აღნიშნავს იმასაც, რომ პარტიისთვის, გარდა რაოდენობრივი გამარჯვებისა, მნიშვნელოვანია ხარისხიანი კონკურენცია "ქართულ ოცნებასთან". ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ "ლელო" ამომრჩეველს სწორედ ასეთ კანდიდატებს სთავაზობს. 

რაც შეეხება წამყვანის კითხვას პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესახებ, ჯაფარიძე არ უარყოფს, რომ პარტიაში ამასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება უკვე მიღწეულია და ის საზოგადოებისათვის მალე გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან კობერიძე 12 აგვისტოს წარადგინა. და ეს იმ დროს, როცა ივნისის ბოლოს, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ შეკრებილმა ოპოზიციურმა ერთობამ ვაკეში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად წარდგენილ ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: 

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.

მოგვიანებით, ოპოზიციამ კანდიდატები დარჩენილ ორ ოლქშიც წარადგინა:

  • საბურთალოზე "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იბრძოლებს;
  • დიდუბე-ჩუღურეთში კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წარადგინა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი