
ბრაზილიელი სამხედროები, ესეკიბოს რეგიონზე მზარდი დაძაბულობის გამო, ვენესუელასა და გაიანასთან
საზღვრებს აძლიერებენ. ამის შესახებ ბრაზილიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
ბრაზილიის არმიამ ჯავშანტექნიკა და დამატებითი ჯარი გადაიყვანა რორაიმას შტატის დედაქალაქში, რომელიც ესაზღვრება როგორც ვენესუელას, ასევე გაიანას მას შემდეგ, რაც ვენესუელის მოქალაქეებმა რეფერენდუმზე მხარი ესკიბოს ანექსიას დაუჭირეს.
ბრაზილიის უმაღლესმა დიპლომატმა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, ჟიზელა პადოვანმა თქვა, რომ მთავარი საგზაო კავშირი ვენესუელასა და გაიანას შორის გადის ბრაზილიის ტერიტორიის გავლით ესკიბოს მიუწვდომელი რელიეფის გამო, მაგრამ მისი სამხედრო მოქმედებებში გამოყენება მისი ქვეყნისთვის მისაღები არ იქნება.
"ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით სიტუაციას. არ მჯერა, რომ ეს შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიდის", - თქვა ჟიზელა პადოვანმა ინტერვიუში.
კვირას გამართულ რეფერენდუმზე ვენესუელელმა ამომრჩევლებმა უარყვეს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია გაიანასთან მათი ქვეყნის ტერიტორიულ დავაზე და მხარი დაუჭირეს ახალი ვენესუელის სახელმწიფოს შექმნას პოტენციურად ნავთობით მდიდარ ესკიბოს რეგიონში.