"ქართული ოცნების" მხრიდან დარეგისტრირებულ ინიციატივას, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს გულისხმობს, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. ენჯეოების წარმომადგენლებს მმართველი პარტიის ინიციატივა კითხვის ნიშნებს უჩენს.
როცა ამ ცვლილებებზე ახლა საუბრობს მმართველი პარტია, აქ უნდა დაისვას რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა. არსებული რეგულაციების პირობებში შესაძლებელია თუ არა, რომ ამომრჩეველი იყოს დაცული თუ ჩვენ გვჭირდება ამ რეგულაციების გამკაცრება, - ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროგრამის მენეჯერის, ლევან ნატროშვილის შეფასებით კი მთავარი კანონის აღსრულებაა. მისივე აზრით, აღსრულების კუთხით არაფერი შეიცვლება.
ამ მხრივ რეგულაციები ისედაც არის საქართველოს კანონმდებლობაში. ამით, რა თქმა უნდა, არაფერი არ შავდება თუ ახალ რეგულაციებს შემოვიტანთ და კონკრეტულად ჩავწერთ, რაც გზავნილი იქნება პოტენციური დამრღვევისთვის. მაგრამ, ვფიქრობთ არაფერი შეიცვლება. მთავარი პრობლემა ყოველთვის აღსრულება იყო, - ამბობს ნატროშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება,
გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ამბობს, რომ ანალოგიური ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსში. მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილებები უკვე გამზადებულია და დღეს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდება.