
"პატრიოტთა ალიანსი" კრემლის დავალების შესრულებასა და აფხაზეთის აღიარების გეგმას უარყოფს. ირმა ინაშვილი აფხაზეთში გადასვლის მიზეზად ილორის ტაძარში ლოცვის სურვილს ასახელებს.
მიუხედავად ამისა, ალიანსის აფხაზი პარტნიორები კამერების წინ საჯაროდ იმეორებენ დავით თარხან მოურავის ციტატებს. არ მალავენ, რომ აფხაზეთის აღიარებას ელიან და გასაიდუმლოებული ვიზიტისთვის მოსკოვის თანხმობასაც ახსენებენ. თბილისში კი "პატრიოტთა ალიანსის" განმარტებების შემდეგ სკანდალი უყურადღებოდ რჩება. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არც კი ცდილობს გარკვევას, როგორ შეძლეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ოკუპირებულ რეგიონში შესვლა.
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატის, ალმას ჯოპუას თქმით, დავით თარხან მოურავი მზადაა, რომ საქართველომ ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიაროს. თუმცა, ჯოპუასთვის მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო ჯერზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ოფიციალურად იყვნენ მიწვეულები.
"პატრიოტების" ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, თანამდებობა დატოვა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა ლაშა საკანიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატების განცხადებებს "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა საგანგებო ბრიფინგით უპასუხეს. დღეს დავით თარხან-მოურავი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებასთან დაკავშირებით მას არაფერი უთქვამს, თუმცა, დაადასტურა, რომ მისი თანაგუნდელების ვიზიტის ორგანიზატორი თავად იყო. იმისთვის, რომ ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ რეგიონში ჩასულიყვნენ, საკუთარი კონტაქტები გამოიყენა, მათ შორის მოსკოვში არსებული. თუმცა, ვისი დავალებით შეუშვეს ოკუპირებულ აფხაზეთში პარტიის წევრები, ეს კითხვა დავით თარხან-მოურავმა უპასუხოდ დატოვა - ამბობს მხოლოდ იმას, რომ ეს კრემლის დავალებით არ გაუკეთებია. ირმა ინაშვილმა კი ვიზიტის მთავარ მიზეზად ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატის საჩუქრად ჩატანა დაასახელა.
ძალა, რომელშიც რუსეთი ფულს დებს, რათა მერე აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება მიიღოს - ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში პატრიოტთა ალიანსის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ის, რომ დავით თარხან მოურავი და მისი თანაგუნდელები ღიად პრორუსულ ძალას წარმოადგენენ, ოპოზიციისთვის სიახლე არ არის, თუმცა, ისინი მთავარ პრობლემას ხელისუფლების დამოკიდებულებაში ხედავენ.
ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში არ იზიარებენ და "პატრიოტთა ალიანსის" ოკუპირებულ აფხაზეთში უპრობლემოდ გადასვლის საკითხით დაინტერესების ნაცვლად, კვლავ ოპონენტებს ესხმიან თავს.
ირმა ინაშვილმა და გიორგი ლომიამ ე.წ. საზღვარი 18 აგვისტოს გადმოკვეთეს. პატრიოტთა ალიანსის ლიდერების გასაიდუმლოებული ვიზიტი „მთავარი არხისთვის“ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ისინი ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ერთ-ერთმა მოქალაქემ დააფიქსირა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი