უხარისხოდ რეაბილიტირებული გზა? - გლდანელები ეჭვობენ, რომ მერიამ თანხა გაფლანგა

გამოქვეყნდა:

გლდანში, ახლადრეაბილიტირებულ ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრამომხდარმა ადგილობრივების აღშფოთება ამოიწვია. გლდანის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ხიზანიშვილის ქუჩის შეკეთებას 2 წელი ელოდნენ და ამ დროის განმავლობაში გადაადგილებისას არაერთი პრობლემა ექმნებოდათ. შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გლდანელები გადაადგილებას ისევ ვერ ახერხებენ. მათ ეჭვი აქვთ, რომ მერიამ თანხა გაფლანგა და სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა.

თბილისის მერია მომხდარის მიზეზად უხვ ნალექს ასახელებს. როგოც კახა კალაძემ თქვა, გზა ძლიერმა წვიმამ დააზიანა. მდგომარეობის გამოსასწორებლად კი დედაქალაქის მერმა შიდა აუდიტის სამსახურს ჩატარებული სამუშაოების მოკვლევა დაავალა.

შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია გლდანში 2019 წლის მაისში დაიწყო და ის 6 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სხვა პროექტების მსგავსად დროში ვერ ჩაეტია და თითქმის ერთი წლის დაგვიანებით დასრულდა.  სამუშაოები ქალაქის მერიას თითქმის 13 მილიონი ლარი დაუჯდა. რატომ არის 13 მილიონად რეაბილიტირებული გზა დღეს კვლავ გაუმართავი - ამ კითხვაზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია NCC-სგან პასუხი "მთავარ არხს" ჯერ არ მიუღია. 

თუმცაღა გაირკვა, რომ კომპანია NCC-იმ დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კიდევ რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვა. მან  წერეთლისა და ქეთევან დედოფლის  გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უნდა შეასრულოს, რომელიც მერიას 12 მილიონ-ნახევარი ლარი დაუჯდება. NCC-ის მერია 35 მილიონს გადაუხდის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამნკავშირებელი ხიდის მშენებლობაშიც. ყველა ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ოპოზიცია კორუფციის თემაზე საუბრობს.

გარდა ამ ყველაფრისა, რეაბილიტაციის სამუშაოებს აფასებენ დარგის სპეციალისტები და მას უხარისხოს უწოდებენ. მათი განცხადებით, სამუშაოების დაწყებამდე მერია ნიადაგის ექსპერტიზას არ ატარებს.   

გლდანის ცენტრალური ქუჩა ახლა პარალიზებულია. უცნობია, რამდენი დაუჯდება ხალხს ჩანგრეული გზის ხელახალი აღდგენა და ვინ აგებს პასუხს გაფლანგულ მილიონებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი