"მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის მხარდაჭერისთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინში" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის მხარდაჭერისთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს და პეტრ პაველთან შეხვედრასა და ჩეხეთში ვიზიტს ეხმაურება.

"მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის, იმ დროს, როდესაც ამ კვირაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველოდებით. 

საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ჩვენს ერებს შორის ურყევი კავშირის აღმნიშვნელია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც საქართველო - ჩეხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია. 

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება.

მათივე ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. "ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი“, - განაცხადა პეტრ პაველმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა დღეს შეხვედრა გამართა ასევე, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვასთან.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში 12 დეკემბერს დასრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი