რუსული კანონის ახალი ვერსია. მმართველი პარტიის კულუარებში ისევ განახლდა მუშაობა კანონზე, რომლის მიზანი სამოქალაო ორგანიზაციების და მედიის შეზღუდვაა. ამჯერად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი უნგრელი პარტნიორის მეთოდით მოქმედებს, ისევე როგორც ვიქტორ ორბანმა, ირაკლი ღარიბაშვილიც რეპრესიული კანონის საფარველად პატრიოტიზმსა და სუვერენიტეტს იყენებს - სწორედ ამ ღირებულებების დაცვით სურს მმართველ პარტიას რუსული კანონის ახალი ვერსიის შეფუთვა.
ამ კანონზე მუშაობის ფაქტს "ქართულ ოცნებაში" არავინ ადასტურებს. თუმცა ინფორმაცია "მთავარმა არხმა" სწორედ მმართველი პარტიის კულუარებიდან მოიპოვა. დღეს კი ამ ჩანაფიქრის რეალობის დამადასტურებელი სხვა ნიშნებიც გამოჩნდა. სახელისუფლებო კლანის ყველაზე რადიკალურმა ფრთამ, ხალხის ძალამ სწორედ რუსული კანონი გაიხსენა და მისი მიღების აუცილებლობაც ახსენა.