
საპროტესტო აქცია ზუგდიდის სოფელ ნაცატუში - მოსახლეობა გზის შეკეთებას მოითხოვს.
პროტესტის ნიშნად მათ წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური გზა 4 საათის განმავლობაში გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ზუგდიდის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლების ყურადღების მისაღებად ქუჩაში გამოსვლა დასჭირდათ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გზაზე არსებული ორმოები ტრაქტორით უნდა გაასწოროს, რომ გადაადგილება შესაძლებელი იყოს.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანი ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე ვერ მივიდა, რადგან გზაზე არსებულ ორმოში ჩავარდა. გზაზე გაჩერებულ სასწრაფო დახმარების მანქანამდე კომაში ჩავარდნილი ბავშვი თანასოფლელებმა გზის ერთ მონაკვეთამდე მანქანით, შემდეგ კი ხელით წაიყვანეს. 12 წლის მოზარდი ახლა სამედიცინო დაწესებულებაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ნაცატუშის მცხოვრებლების თქმით, თუ ხელისუფლება ყურადღებას არ მიაქცევს, არჩევნების არ ჩაატარებინებენ და სასწავლო პროცესი არ დაიწყება, რადგან ბავშვებს სკოლამდე მისასვლელი დაზიანებული გზის გავლა უჭირთ.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური გზა ცალმხრივად გახსნეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტის ამ ფორმით სურთ ხელისუფლებას და მოქალაქეებს ერთი დღით აჩვენონ თუ რა პირობებში უწევთ წლების განმავლობაში გადაადგილება.
ავტორი: ემა გოგოხია