"ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის", - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ტელეფონით ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. ვულოცავ მას და ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან
გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოხარული ვარ, რომ მივიღე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მილოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის." - წერს ზელენსკი X-ზე.
მანამდე ზელენსკი მოლდოვას პრეზიდენტს მაია სანდუსაც ესაუბრა:
"ახლახანს ველაპარაკე მაია სანდუს. ჩვენ მივულოცეთ ერთმანეთს დღევანდელი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა და ჩვენ ერთად ვაგრძელებთ მოძრაობას ევროკავშირისკენ." - წერს ზელენსკი.