თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილის გამოცხადებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა დეპუტატის მხრიდან. გრემელაშვილმა დარბაზში მყოფებს ყვირილითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რის შემდეგაც ის ბადრაგმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს, რადგან ბრალდებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო. რის შემდეგაც, მან სასამართლოს განცხადებით მიმართა და სხდომას აღარ დაესწრო.
მანამდე პატიმრობას ითხოვდა სახელმწიფო ბრალდება. პროკურორის განმარტებით, გრემელაშვილის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ასევე, არსებობს საფრთხე მისი მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის. მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან.
50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებასა და ამკრძალავი ღონისძიებების გამოყენებაზე ისაუბრა დაცვის მხარემ. ადვოკატმა სასამართლოს ბრალდებულის დასახასიათებლად, სოფელ შალაურიდან, საიდანაც ის წარმოშობით არის, 800 ხელმოწერა წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ თელავის საკრებულოს დეპუტატს, "პატრიოტთა ალიანსიდან", სახელმწიფო ბრალდება 5 ეპიზოდში ედავება.
ბრალდებული ცოლისა და შვილების მიმართ, გენდერული ნიშნით, იარაღის გამოყენებით, მუქარასა და ძალადობაშია დადანაშაულებული.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავტორი: ია გულიაშვილი