რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში აფხაზეთის ე.წ. სპორტის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზი სპორტსმენები BRICS-ის ქვეყნების სპორტულ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ. BRICS-ის წევრები რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სპორტის მინისტრი, ოლეგ მატიცინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა და იქ განაცხადა, რომ სპორტში რუსულ-აფხაზური ურთიერთობები მაღალ დონეზეა. ოლეგ მატიცინმა ასევე თქვა, რომ სურს, ერთ-ერთი სპორტული მარათონი სოხუმში ჩატარდეს.
"ეს არის უნიკალური კონკურსის ფორმატი, ჩვენ ვიწვევთ გუნდებს აფხაზეთიდან ყველა ჩამოთვლილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად," - თქვა ოლეგ მატიცინმა.
ცნობისთვის, "BRICS Sports Games"-ი 2024 წლის 11 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით ყაზანში გაიმართება. BRICS-ის თამაშები ყოველწლიური შეჯიბრებაა BRICS-ის ქვეყნებს შორის.