საარჩევნო ზეწოლა ემიგრანტებზე - "ოცნება" უთანასწორო ბრძოლის ახალ მეთოდს მიმართავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ უთანასწორო ბრძოლის ახალ მეთოდს მიმართავს. ემიგრანტების ხმების მობილიზება საჯარო მოხელეებმა რეგიონებში უკვე დაიწყეს. ხმოვანი შეტყობინება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა უკვე მიიღეს. საჯარო მოხელეები ემიგრანტების ხმების მობილიზებას კონკრეტულ პირებს ავალებენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. მთავარი პასუხისმგებელი პირი კი დუმს. თეა წულუკიანი, რომელიც საარჩევნო დარღვევებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეა, დარღვევებზე მსჯელობას სექტემბრამდე არ გეგმავს. 

გვანცა სიგუა ვანში საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელია. ხმოვანი შეტყობინებით, რომელსაც ის, სავარაუდოდ, საკუთარ თანამშრომლებს უგზავნის ირკვევა, რომ მერიაზე დაქვემდებარებული აიპის უფროსი ემიგრანტთა ხმების მობილიზებას კონკრეტულ პირებს ავალებს.

ემიგრანტები "მთავართან" ადასტურებენ, რომ ამ შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები ნამდვილად მიიღეს. "ქართულ ოცნებისთვის" გარანტირებული ხმების მობილიზებისთვის მათ პირადობის ნომრების მონაცემებიც მოსთხოვეს. 

საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი თხოვნით საბერძნეთშიც მიმართეს. ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" მათი მხარდაჭერით არასდროს სარგებლობს და ამჯერადაც ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას ვის მისცენ ხმა. 

ვისი დავალებით გააგზავნა გვანცა სიგუამ ხმოვანი შეტყობინება, დაზუსტება "მთავარმა არხმა" თავად სიგუასთან სცადა. იგი არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს პასუხობს.

გვანცა სიგუას, დღეს სამსახურშიც მივაკითხეთ, თუმცა კაბინეტი დაკეტილი დაგვხვდა. საბავშვო ბაღების გაერთიანების უფრისის დაცვა მისმა თანამშრომელმა სცადა.

გვანცა სიგუა არც სახლში დაგვხვდა. დაავალა თუ არა მმართველმა პარტიამ მას და სხვა საჯარო მოხელეებს ემიგრანტთა ხმების მობილიზება, ამაზე არც "ქართული ოცნების" ორგანიზაციაში საუბრობენ. მათ "მთავარ არხს" კარი ჩაუკეტეს.  

ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად აფასებს ამ ფაქტს ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ'' არჩევნების გაყალბებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. იუსტიციის მინისტრი, კი რომელიც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის ჯგუფს ხელმძღვანელობს, აცხადებს რომ მსგავსი დარღვევების შესწავლა მხოლოდ სექტემბრიდან დაიწყება.   

ამომრჩევლებზე ზეწოლის ფატქები რომ გაიზრდება ამაში დარწმუნებულია ოპოზიცია. ამიტომ, მსგავს შემთხვევებზე დროულ რეაგირებას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი