"არსებული ინსტიტუციური სტრუქტურა არ უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს" - ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის შეფასებაში, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს შეეხება.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნისა და გათავისუფლების ძალაუფლება დიდწილად საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელშია, რაც პრობლემურია.
ვენეციის კომისია ასევე წერს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოსთვის სხვადასხვა პრევენციული ფუნქციის შეთავსებით მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის გაცხადებული მიზანი ვერ მიიღწევა.
"ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებლობა სტრუქტურული და ოპერატიული ავტონომიის ადეკვატური დონით, რომელიც მოიცავს სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ ღონისძიებებს, პოლიტიკური ან სხვა გავლენის თავიდან ასაცილებლად, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ორგანოებისთვის ფუნდამენტურ მოთხოვნად განიხილება.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მოქმედი ინსტიტუციური დიზაინი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი თანამდებობის მქონე ოფიციალურ პირთა აქტივებისა და ინტერესების დეკლარაციის მონიტორინგისთვის მისი კომპეტენციები კანონში დამატებითი გარანტიების შეტანას საჭიროებს. განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება დიდწილად პრემიერმინისტრის ხელშია," - წერია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაში. ["ფორმულა"]
შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბრიდან საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო ამოქმედდა, რომელმაც პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი უნდა განახორციელოს. მის ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა. ოპოზიციის მტკიცებით, ის პირადად ღარიბაშვილის კადრია.
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციით იყო განსაზღვრული.