საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა. ამ თემაზე მან სასამართლოს სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც დისტანციურად ესწრება.
მისი თქმით, მომავალი არჩევნები იქნება გადამწყვეტი ქვეყნის მომავლისთვის. სააკაშვილის განცხადებით, ჯამში კომიტეტში 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და იყოს მუდმივი სათათბირო.
"მათი [ხელისუფლების] განზრახვები არის, რომ ნებისმიერ ფასად, მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. მე წარმომიდგენია შემდეგი არჩევნები ძალიან კონკრეტულად. ეს უნდა იყოს ოპოზიციის სრულ კოორდინაციაში, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების. მათ ჩამოიყვანეს მოშე კლუგჰაფტი, რომელიც ხალხს დაარწმუნებს, რომ აზრი არ აქვს არჩევნებს...ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის მერე... მონაწილეობა ნიშნავს ევროპაში შესვლას და ცხოვრების დონის სწრაფ გაუმჯობესებას. მე მინდა შევთავაზო, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, გარდაუვალია, ამ კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია და მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, მე ასევე მინდა შევთავაზო ენმ-სთან ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, პაკი, როგორც არის ამერიკაში ასეთი კომიტეტები და მასში უნდა შევიდეს, ნუ ენმ-ის თავმჯდომარე, ვთქვათ, იქ ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც აუცილებელი არ არის სრულიად იყვნენ ენმ-ის წევრები, უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი ამ კომიტეტში", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი, პოლიტიკური სათათბირო.