"ველოდებით ექსპერტიზის ჩატარებას, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ" | გინტურის მანქანას ოკუპანტების მიერ ნასროლი, სულ მცირე, 35 ტყვია აქვს მოხვედრილი

გამოქვეყნდა:

თამაზ გინტურის მანქანას ოკუპანტების მიერ ნასროლი, სულ მცირე, 35 ტყვია აქვს მოხვედრილი. ავტომობილის ფოტოები "მთავარმა არხმა" მოიპოვა.

კირბალში მომხდარი დანაშაულიდან უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა, უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება. შესაბამის უწყებებს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ. 

თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური ამბობს, რომ ექსპერტიზაც კი არ ჩატარებულა. ოჯახი სტრასბურგში ჩივილს გეგმავს.

"ვიცოდით და გვეუბნებოდნენ, რომ ავტომობილს 2-3 ტყვია აქვს მოხვედრილიო, მაგრამ მე თვითონ დავთალე, 35 ნატყვიარი აქვს ჩემი ძმის მანქანას. ორი ნატყვიარია სავარძელზე, დანარჩენი მანქანას ეტყობა გარშემო და საბურავებზე ვერ დავთვალე... გამოძიება არ დამთავრებულაო, ექსპერტიზა არ ჩატარებულა და ველოდებით ექსპერტიზის ჩატარებას. ველოდებით ცოტა ხანი ამ ძიებას, რა იქნება. თუ არა და მერე მივმართავთ სხვა ხერხს, სტრასბურგში გავასაჩივრებთ და ვიპოვით დამნაშავეებს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უნდა გადმოსცენ საქართველოს და საქართველოში უნდა გასამართლდნენ," - ამბობს ნიკოლოზ გინტური.


შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი