ხმაური იყო გორის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ. ბიუჯეტს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა "ოცნების" დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ 80-მილიონიანი ბიუჯეტი ხელისუფლებამ საკუთარ გარემოცვასა და ინტერესებს მოარგო.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" გორის მერს ჰკითხა მოსკოვში ვიზიტზეც. ეს იმ დროს მოხდა, როცა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის გასვენების დღე იყო. მერმა ამ კითხვას არც მოგვიანებით უპასუხა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ აპირებს ამ თემაზე საუბარს.
"სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, გითხარით უკვე. არა, არ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ. თქვენი დოკუმენტები შეგეძლოთ გამოგექვეყნებინათ და გამოაქვეყნეთ რა დოკუმენტებიც გქონდათ უკვე და არ ვაპირებ ამაზე საუბარს. [...] პრინციპულად მე არ გეტყვით მსგავს კითხვებზე, ჩემ შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და ასე შემდეგ...არ ვუპასუხებ ამ კითხვებს.
რაც შეეხება საჯარო მოხელეების ხელფასებს და ჩვენი, თანამდებობის პირების ხელფასებს, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს ემატებათ, ისე ემატებათ ყველას 10%.
[ჟურნალისტი: თქვენი ხელფასი 6 000 ლარზე მეტია...] კი, მე ამაზე ვუპასუხე, პროცენტულად ყველას ერთნაირად გვემატება," - ამბობს ლადო ხინჩეგაშვილი.
ბიუჯეტის მიხედვით, 10%-ით იზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები, მერის ხელფასი 6 665 ლარი იქნება, საკრებულოს თავმჯდომარის კი 6 123 ლარი.