თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებიას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ექსპერტიზის პასუხს ელოდება. როზა ბოგვერაძე ბავშვის სიკვდილში მამას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის დანაშაულებს წარსულშიც არ აღიარებდა.
ველოდები, სული კბილით მიკავია, როდის იქნება ექსპერტიზის პასუხი, რომ ღმერთთან მეც მართალი წარვსდგე. ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ ჩემმა პატარამ თავი მოიკლა. ეგ დანაშაულებს არასოდეს არ აღიარებდა. რაშია ცამდე მართალი? ცოლთანაც ცამდე მართალი ვარო? არ ვაწამებდიო?! - თქვა როზა ბოგვერაძე.
ცნობისთვის, თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბიჭის ოჯახი მამისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს.
გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა საბერძნეთიდან საქართველოში სავარაუდოდ ხვალ დაბრუნდება და კვირას შვილის დაკრძალვას დაესწრება. ოჯახის ინფორმაციით, დედის ტრანსპორტირებას საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
ქალს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცედურები დარღვეული აქვს, როგორც საბერძნეთთან, ასევე თურქეთთან მიმართებაში. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირწმუნება, რომ პრობლემის მოგვარებისთვის დიპლომატიური უწყება აქტიურად მუშაობს. ოჯახს 11 წლის ბიჭის დაკრძალვა დედის ჩამოსვლამდე არ სურს.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის კაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. 25 აგვისტოს კი ბრალი არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობისთვის წაუყენეს.