მოქალაქეს, რომელსაც პოლიციელები დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ექსპერტიზა ჩაუტარდება - იოსებ ბარჯაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკვე გამოკითხეს. მას მძიმე დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიღებული.
ოჯახის თქმით, პოლიციელებმა განყოფილებაში გადაყვანის დროს ბარჯაძეს სასტიკად სცემეს. ისინი "მთავარ არხთან" საუბრისას ასევე აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველები მას შემდეგ მტრობენ, რაც ბიზნესის წილებზე უარი უთხრეს. ოჯახი ერთ-ერთი პოლიციელის სახელსა და გვარსაც ასახელებს [სერგო ჟამერაშვილის], თუმცა ჯერჯერობით უცნობია იმ პოლიციელების ვინაობა, რომელთაც ბარჯაძეს დაკავებისას მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ოჯახი მათ იდენტიფიცირებას ითხოვს.
ბარჯაძის ადვოკატი, რეზო რევაზიშვილი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე საყურადღებოა.
"იოსებ ბარჯაძეს ადებენ ადგილზევე ხელბორკილს. იოსებ ბარჯაძე მათ წინააღმდეგობას არ უწევს და ამას უამრავი ადამიანი შეესწრო, რომ ეს ასე არ იყო, მის ოჯახის წევრებს ვგულისხმობ. ამ დროს ხდება ძალადობა მისი ოჯახის წევრებზეც, როდესაც ხდება მისი დაკავება. ადებენ იძულებით ხელბორკილს, სვამენ ავტომანქანაში და ხელბორკილდადებულს ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. მას სთხოვა გამომძიებელმა, რომ დაესახელებინა დარტყმების ოდენობა, მაგრამ ეს იმდენად დიდი იყო, რომ მან ვერ გაიხსენა ფიზიკურად რამდენი შეიძლება ყოფილიყო. დაზიანებების გამო უჭირს, მაგალითად,[პოლიციელების] სახეების აღდგენა იმ ადამიანების, რომლებიც მასზე ძალადობდნენ...თუმცა, ერთ-ერთი მათგანის ამოცნობა შეუძლია და მისი მახასიათებლებიც აღწერა," - ამბობს რევაზიშვილი.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაშიც იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ მომხდარზე გამოძიებას სპეციალურ საგამოძიებო სამსახური სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აწარმოებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ასევე ნახეთ: