
გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში იაგო ხვიჩია იქნება - როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩვენთან საუბრისას თქვა, ბათუმში პოზიტიურ საარჩვნო კამპანიას აპირებს: "ძალიან კორექტულს და საქმიანს ყველა ოპონენტის მიმართ, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს".
შეკითხვაზე, ვის მოიაზრებს ბათუმში კონკურენტად, ხვიჩია გვპასუხობს, რომ მისი კონკურენტი ის ფაქტია, რომ ადამიანები "გირჩს" არ იცნობენ: "სხვა ვინმე ვგონივართ.. ჩემი ამოცანა ამ აზრის ცვლილება იმ ქალაქში, სადაც, ჩემი აზრით, ადამიანებს იდეები აინტერესებთ. მე მინდა ბათუმელებს ავუხსნა, რომ ნორმალური ხალხი ვართ, ვისაც ამ ქვეყანაში თავისუფლების ნაკლებობა აწუხებს და მეტ თავისუფლებას ითხოვს ყველასთვის".
ხვიჩია ამბობს, რომ 2020 წლის მაჟორიტარულ არჩევნებში ბათუმელების ყურადღების მისაქცევად მონაწილეობს და კამპანიის განმავლობაში აპირებს ილაპარაკოს, თუ რატომაა უსამართლობა, რომ გირჩს მხოლოდ ნარკოპოლიტიკაში შეტანილი წვლილის გამო იცნობდნენ.
ამ წვლილს კი არ ვაკნინებთ, პირიქით, ვამაყობთ, მაგრამ ეგ გირჩის კონტურებია, შინაარსი კი ბევრად ღრმა და ჰუმანურია, ვიდრე ბევრ ადამიანს წარმოუდგენია. ამაზე საუბრის და ამ საუბრებში მეგობრებისა და თანამოაზრეების პოვნის საშუალებაა ჩემთვის ეს არჩევნები, მჯერა რომ ძალიან საინტერესო და ფათერაკებით აღსავსე თავგადასავალი მელოდება წინ. არაა ადვილი ჩვენს დროში ადამიანების გაკვირვება, მაგრამ "მეტი თავისუფლების" იდეის გავრცელებისთვის ბათუმი სათანადო ადგილი მგონია, - ამბობს იაგო ხვიჩია.
იაგო ხვიჩია ყურადღებას ამახვილებს აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებზეც. ამბობს, რომ მისი მიზანია, რომ გირჩს უზენაეს საბჭოში ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს, რისთვისაც ხმების 5%-ია საჭირო: "ძალიან მინდა გირჩმა პროპორციული სიით ერთი ადამიანი შეიყვანოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანოში. ბათუმის მაჟორიტარულ არჩევნებში, რეალურად, პროპორციულ ხმებს ვითხოვ".
მისივე თქმით, სწორედ პროპორციული ხმების მიღება იქნება მისთვის გამარჯვება და არა მაჟორიტარული არჩევნების მოგება: "რადგან მე არ ვარ ბათუმელი და სრულად მესმის, რომ ბათუმელები ირჩევენ საკუთარ მაჟორიტარს".
ხვიჩია ამბობს, რომ აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში გირჩის პარტიული სიის პირველი ნომერი ლალი ანთიძე იქნება.
რატომ ბათუმი? - ამ შეკითხვაზე კი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ბათუმი უყვარს, მისი მეგობრების დიდი ნაწილი ბათუმელია და ამ ქალაქში მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი მოიგო [მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის საქმე]. "ამ ქალაქში თავს შინაურად ვგრძნობ, ამ ნაწილში სააკაშვილისაც კი მესმის. მჯერა ამ ქალაქის".
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრიან:
რესან კონცელიძე - "ქართული ოცნება";
ირაკლი კუპრაძე - "ლელო საქართველოსთვის".