სწორად ჩატარდა თუ არა ოპერაცია და მკურნალობა | ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ერთი თვის წინ გარდაცვლილი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის, დედა ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმების პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.

მაგული ჩხობაძე და მისი უფლებადამცველები მოითხოვენ, რომ ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზი - რამდენად უზრუნველყო კლინიკამ ოპერაციის სწორად ჩატარება და პოსტოპერაციული პროცესი. ასევე, რამდენად სწორად მიეწოდა თურქულ კლინიკას პაციენტის დიაგნოზი.

მაგული ჩხობაძის ვარაუდით, მისი შვილი არასწორად ჩატარებული ოპერაციის, ჰოსპიტალური ინფექციისა და არასწორი პოსტოპერაციული მკურნალობის გამო დაიღუპა.

"მე ექიმი ვარ და მასშტაბურად ვაყენებ საკითხს. ხდება კი საქართველოში ღვიძილის პათოლოგიის მართვა? რა თქმა უნდა, მე ექსპერტიზის დასკვნა არ მაქვს, ამიტომ სისხლის სამართალს ვერ აღვძრავ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველომ შეისწავლოს არსებული საკითხი. თუ შეიძლება ასეთი მოპყრობა, ასეთი დამოკიდებულება. 6 თვე გავიარეთ ჩვენ. 8 მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით", - ამბობს ჩხობაძე. 

როგორც ადვოკატი მარიკა ლევიძე აღნიშნავს, დოკუმენტებით დადასტურებული არ არის, რომ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზი იყო სიმსივნე. მისი თქმით, მიზეზი ჩირქოვანი პროცესების განვითარებაა, რაც, სავარაუდოდ, კლინიკაში ჩატარებულმა ოპერაციამ განაპირობა.

"დოკუმენტებით ეს დადასტურებული არის, რომ გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს სიმსივნე, არამედ წარმოადგენს შემდგომი ჩირქოვანი პროცესების განვითარება, რაც, სავარაუდოდ, განაპირობა ჩატარებულმა ოპერაციამ. ამიტომ, მთავარი კითხვა, რაც ჩვენ კლინიკასთან მიმართებაში გვაქვს და ვარაუდობს ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი, არის, როგორ ჩატარდა ოპერაცია? სათანადოდ ჩატარდა თუ არა. ასევე, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდგომ კლინიკამ რამდენად უზრუნველყო სათანადო ყველა სამედიცინო ჩარევა და მკურნალობა? რამდენად იყო ეს სათანადო ყურადღება გამოჩენილი უშუალოდ ხელმძღვანელის მხრიდან, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში", - ამბობს ლევიძე.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ნოემბერში გარდაიცვალა. მანამდე ის თბილისიდან სტამბოლში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი