საახალწლო კონცერტზე, რომელიც დედაქალაქის მთავარ საახალწლო სცენაზე 31 დეკემბერს უნდა გაიმართოს, მხოლოდ ხელისუფლებისთვის მისაღები არტისტები იმღერებენ. მაგალითად, რესპუბლიკის მოედანზე არ გამოინახა ადგილი ნინო ქათამაძისთვის, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა, ასევე აქტიურად იყო ჩართული ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებში.
საახალწლო გალაკონცერტზე 30-მდე მომღერალი და 4 ბენდი გამოვა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს 719 ათასი ლარი დაუჯდება. თუმცა, მათ რიგებში არ იქნებიან არც ნინო ქათამაძე, არც ლელა წურწუმია და არც სოფო ნიჟარაძე.
"არამარტო ამ ახალ წელს, ეს მართლაც არ იყო სპონტანურად დაწერილი, იმიტომ რომ გრძელდება რამოდენიმე წელია. არამარტო ახალ წელს, სხვა კონცერტებიც, რომლებშიც სახალხო ზეიმი დგება და მაშინ სურვილი გაქვს და გეძლევა საშუალება, რომ შენს მსმენელს, აბსოლუტურად ყველანაირი დანახარჯის გარეშე შეხვდე, ესაუბრო, სიახლე აჩვენო. ეს ციკლია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაწყვიტო შენს მსმენელთან კონტაქტი", - ამბობს ნინო ქათამაძე "რადიო თავისუფლებასთან".
"არც ერთ ღონისძიებაზე მე არ ვმონაწილეობ მარტივი მიზეზის გამო: არ მაქვს უბრალოდ მოწვევა და არავინ არ მეხმიანება. თითქოს არც ვარსებობ. ეს არ არის კონკრეტულად ვინმეს ჯიბიდან ამოღებული ფული, ეს არის ქვეყნის და ამიტომ მეც მყავს მრავალფეროვანი მსმენელი, ვთვლი, რომ საახალწლო ღონისძიება და ა.შ. ქუჩის კონცერტი, რომელზეც მოდის უამრავი, ყველანაირი მაყურებელი და მოდის არტისტების სანახავად და ამ შემთხვევაში ეს არის ხალხთან კიდევ ერთხელ მოსიყვარულების დიდი შესაძლებლობა და შანსი და ამიტომ, ამ შემთხვევაში, არ ვიცი, ალბათ დავთანხმდებოდი", - თქვა სოფო ნიჟარაძემ "მთავარ არხთან".
"ნებისმიერ ქვეყანაში, როცა სახელმწიფო აკეთებს კონცერტს, პირველ რიგში ყველა აქტიურ მომღერალს უნდა დაურეკოს მაინც. ყოველშემთხვევაში, ვინც რეიტინგულია და ვინც ხალხს უყვარს. მე არასოდეს არ ველოდები, რომ ვიღაც დამირეკავს და დაგვპატიჟებს. გპასუხობთ იმაზე, რომ მე მაქვს ძალიან ბევრი კონცერტი ისედაც და ლელა არის ხალხზე დამოკიდებული მომღერალი. სადაც ხალხია, იქ ვართ ჩვენ. ჩვენი დამკვეთი არის ხალხი", - ამბობს "მთავარ არხთან" ლელა წურწუმიას მუსიკალური პროდიუსერი, კახა მამულაშვილი.