რუსული კომპანია "იანდექსი" ადასტურებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს ძალოვან და საგამოძიებო სტრუქტურებს აწვდის. ამის შესახებ რუსული გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას.
იმავდროულად, იანდექს ტაქსიში აცხადებენ, რომ კლიენტთა მონაცემების გამოთხოვისას საგამოძიებო უწყებები არ აკონკრეტებენ, რა მიზნით სჭირდებათ ინფორმაცია. იღებენ თუ არა ინფორმაციას საქართველოდანაც, თბილისის ოფისში ამ ეტაპზე განმარტებებს არ აკეთებენ.
ინფორმაცია აქ არ აქვთ იანდექსის პარტნიორ კომპანია ,,პრაიმტაქსიში'', სადაც მხოლოდ იმას გვიდასტურებენ, რომ იანდექსის აპლიკაციით სარგებლობენ და მარტო ტაქსების გადაადგილებას აკონტროლებენ.
ქართველი ანალიტიკოსები კი დიდი ხანია რისკებზე საუბრობენ. მათი განმარტებით იანდექს ტაქსის აპლიკაცია ითხოვს ბევრ ინფორმაციაზე წვდომას.
ანდრო გოცირიძე, რომელიც 2014-17 წლებში თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი იყო, კონკრეტულ მაგალითს იხსენებს, როგორ მოიპოვა რუსეთმა უკრაინაში მისთვის საჭირო ინფორმაცია რუსული მობილური ოპერატორის მეშვეობით.
იანდექსი უკვე 4 წელია საქართველოში საქმიანობს, თუმცა შემოსვლის მცდელობა მანამდეც ჰქონდა. რუსულმა კომპანიამ ქართულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის, მომხმარებელს ყველაზე დაბალი ტარიფი შესთავაზა. ამით კი სპეციალისტების თქმით ადგილობრივი კონკურენტები რთულ ვითარებაში ჩააგდო და მომხმარებელთა დიდი ნაწილი წაართვა.
პერსონალური მონაცემები, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ იყოს გამოყენებული არ იციან, არც მომხმარებლებმა, რომლებსაც ტელეფონში აპლიკაცია აქვთ გადმოწერილი და ხშირად სარგებლობენ.
სპეციალისტების შეფასებებს იზიარებენ ოპოზიციაშიც. მმართველი გუნდის ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ოკუპანტი ქვეყანა, მსგავს კერძო კომპანიებს იყენებდეს მისთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად ხელისფულება კი არაფერს აკეთებს რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო.