ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია, ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი | საგარეო ბიჭვინთის აგარაკებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმებას უკანონო ქმედებას უწოდებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ სათანადოდ შეაფასონ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.

"აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის  ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ.  შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგი უკანონო ნაბიჯი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი