პროკურატურამ გ.ს.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ზ-ს, აგრეთვე განზრახ მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.თ.-ს და ბ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შემთხვევა 26 აგვისტოს თბილისში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, გ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ.ს.-ს დანით ჭრილობები გულმკერდის და თავის არეში მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.ს - ალადაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოხსენებულ ფაქტს შეესწრნენ ბ.ბ. და დ.თ., რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთანავე, მოწმის სახით გამოკითხვისას, დ.თ.-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. სამართალდამცველებმა გ.ზ., ბ.ბ., და დ.თ. 2020 წლის 27 აგვისტოს დააკავეს, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალს არ ეთანხმებიან ადვოკატები, რომლებიც ამბობენ, რომ თვითმხილველი მოწმეებით შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ბრალი არასწორადაა წაყენებული.
პროკურატურამ გ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა. დ.თ.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულის შუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული). ბ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის შუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული).
პროკურატურამ ბრალდებულების, გ.ზ.-ს, ბ.ბ.-ს და დ.თ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.