ნიშნავს თუ არა ომბუდსმენის განცხადება იმას, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას აპირებს? სახალხო დამცველის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
"ჩემთვის, როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი კრიტიკული აღარ არის, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იანვარში უკვე კონსილიუმს უწევს შესვლა და დამატებით უკვე კონსილიუმი იტყვის, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ის ბუნებრივია, გამორჩეული პატიმარია, თუმცა, უფლებების კუთხით, ის თანაბარი უფლებებით სარგებლობს, ისევე როგორც სხვა პატიმრები. როცა სააკაშვილთან სანახავად მივედი, ყველა პატიმარი მოვინახულე, რომელიც იმ დაწესებულებაში იყო. მიუხედავად იმისა, ვინ არის ადამიანი, უფლებების კუთხით, ყველას თანაბარი გვაქვს. ბუნებრივია, ის ყოფილი პრეზიდენტია და მასზე მეტი ინტერესი იქნება მედიის მხრიდან, თუმცა, ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის მსჯავრდებულების უფლებების დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმები კი "ვივა მედის" კლინიკაში იანვარში აპირებენ შესვლას.
"სამ თვეში ერთხელ თუ რამე ექსტრაორდინარული არ ხდება, შევდივართ ხოლმე სანახავად. ეს უწევს სადღაც იანვრის შუა რიცხვებში. ეს იქნება გეგმიური ნახვა, გავსინჯავთ და როგორც ყოველთვის, გამოვაქვეყნებთ დასკვნას. რაც შეეხება სად გააგრძელებს მკურნალობას, იმ კლინიკაში სადაც არის, თუ დააბრუნებენ ციხეში, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და ჩვენ დასკვნაში ამაზე ლაპარაკი სავარაუდოდ არ იქნება. ძირითადად ვივა მედის ექიმების გადასწყვეტია" ამბობს კონსილიუმის წევრი ექიმი, გიორგი გრიგოლია.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას გახარიას პარტია უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს. ისინი ამტკიცებენ, რომ მესამე პრეზიდენტი კარგადაა და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ის ციხეში დააბრუნონ.
ვივა მედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე კი ამბობს, რომ "ვივა მედის" ექიმები ამ ეტაპზე მისი ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.